საერთაშორისო თანამშრომლობა

 


თათია დოლიძე  - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი


სალომე ცქიტიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი


საერთაშორისო პროფილი


ევროპის უნივერსიტეტი შედარებით ახალი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც  ინტეგრირებულია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში და მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს სხვა რეგიონების საგანმანათლებლო სისტემებთან.

ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა სწავლა-სწავლებისა და კვლევისთვის საერთაშორისო ხასიათის მიცემას გულისხმობს, რაც ზრდის კურსდამთავრებულების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით, ევროპის უნივერსიტეტი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობას და უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობას სხვადასხვა კვლევითი თუ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. ამას გარდა, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ხასიათს მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი უზრუნველყოფს, რითაც ხაზი ესმევა ინტერკულტურული ურთიერთგაგებისა და პატივისცემის მნიშვნელობას.

ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზირებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლები სხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციასა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარებას გულისხმობსშესაბამისად, ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მათ შორის მედიცინის დარგში, აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.


საერთაშორისო პარტნიორები


მემორანდუმების ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს 22 ქვეყნის 46 უცხოურ უნივერსიტეტთან, რომელთაგან 20 მდებარეობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

  1. დობროვა გორნიცას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  2. ბიზნესის უმაღლესი სკოლა ვროცლავში (პოლონეთი)
  3. ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  4. დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია)
  5. ბ. პრუსის სახელობის ვარშავის უმაღლესი ჰუმანიტარული სკოლა (პოლონეთი)
  6. ლუსიან ბლაგას სახელობის სიბუს უნივერსიტეტი (რუმინეთი)
  7. ჩერნიჰივის ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  8. ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ჩერკასის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა)-
  9. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (უკრაინა)
  10. ფენგლინის კოლეჯი (ჩინეთი)
  11. სიდლიცას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  12. ვინიცას ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  13. ალექსანდრე სტულგინსკის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
  14. პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსი)
  15. ხერსონის ეროვნულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  16. ჯუსტინო ფორტუნატოს უნივერსიტეტი (იტალია)
  17. ხარკოვის სოფლის მეურნეობის ეროვნულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  18. ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტი (რუმინეთი)
  19. კლაიპედას უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
  20. დასავლეთ ყაზახეთის მარატ ოსპანოვის სამედიცინო უნივერსიტეტი (ყაზახეთი)
  21. კორეის უნივერსიტეტი (სეული, კორეა)
  22. ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, ტოკატი (თურქეთი)
  23. სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
  24. ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
  25. პორტოს ბიზნეს სკოლა (პორტუგალია)
  26. ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
  27. ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
  28. ვისტულას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  29. დასავლეთ უნივერსიტეტი (შვედეთი)
  30. ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  31. ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემია (უკრაინა)
  32. მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  33. კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ინდონეზია)
  34. არიელის უნივერსიტეტი (ისრაელი)
  35. ფერარას უნივერსიტეტი (იტალია)
  36. პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  37. აკადემიკოს სტეპან დემიანჩუკის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (უკრაინა)
  38. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  39. დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
  40. ALA-TOO-ს საერთაშორისო უნივერსიტეტი (ყირგიზეთი)
  41. სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტი (ჩინეთი)
  42. ხორტიციის ეროვნული აკადემია (უკრაინა)
  43. ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  44. იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა)
  45. PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი (ხორვატია)
  46. ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია)

აგრეთვე, ევროპის უნივერსიტეტს ჰყავს არაერთი დამატებითი საერთაშორისო პარტნიორი სხვადასხვა პროექტისა თუ მობილობის სქემის ჭრილში. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო საპარტნიორო ქსელის წევრები არიან არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულები, არამედ სამედიცინო კლინიკები, ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.


მიმდინარე პროექტები


2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა.  დაფინანსდა ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი როგორც ჟან მონეს პროექტი, ისე მოდული.

პროექტი სახელწოდებით ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში ემსახურება საქართველოს საჯარო სკოლებში ევროპულ ღირებულებებზე და სტანარტებზე ცოდნის დანერგვასა და დისკუსიის წახალისებას. ინტერნაციონალიზაციის კუთხით, პროექტი ითვალისწინებს უცხოელი მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მონაწილეობას. პროექტის დასასრულს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციაც.

მოდული - „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი” სამ ზამთრის სკოლას მოიცავს. მოდულის მიზანია ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს დემოკრატიზაციაზე ფოკუსირებით ქართველ სტუდენტებში და აკადემიურ საზოგადოებაში ევროკავშირზე ცოდნის გაღრმავების წახალისება. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, პროექტით გათვალისწინებულია უცხოელი პროფესორების ლექციები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროექტის ძირითადი აკადემიური პერსონალის მიერ მოდულის დასასრულს სტატიის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნება.


საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობა


სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება, როგორც ა) ერასმუს + საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ბ) პარტნიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ა) ერასმუს + საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა ევროკომისიის მიერ პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური KA107  განაცხადების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტიდან  გამავალი მობილობისთვის დანიშნულების ქვეყნების სია ცვალებადია, თუმცა მზარდი. უკანასკნელი მსგავსი განაცხადის წარმატების შედეგად (2020 წელი),  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, ევროკავშირის დაფინანსებით, ოთხი  ახალი მიმართულებით გაემგზავრნონ. ესენია: მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი (რუმინეთი) და WSB უნივერსიტეტი (პოლონეთი).

ბ) პარნტიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამავალი მობილობა, ერასმუს+ისგან განსხვავებით, ყოველწლიური დაფინანსების მოპოვებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, სტიპენდიას თავად ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.  შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნების სია მეტად სტაბილური და მრავალფეროვანია. ამასთან, მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერასმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით,  არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და მასპინძელი უნივერსიტეტი შეიძლება მსფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს.

ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

სტუდენტების შემთხვევაში:

 

  1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
  2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით.
  3. სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B1 ან B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
  4. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება. დამატებით დაწესებულია 15-ქულიანი ზღვარი, რომელიც სტუდენტმა ოთხივე კომპეტენციაში უნდა გადალახოს.
  5. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.

აკადემიური პერსონალის შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული აკადემიური პერსონალი ავსებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას და ტვირთავს საჭირო დოკუმენტებს;
  2. სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის ავტორებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს ინგლისურენოვანი ლექციის/პრეზენტაციის ჩასატარებლად რექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული კომისიის წინაშე;
  3. სწავლების მიზნით მობილობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საჩვენებელი ლექციის წაყვანას, ხოლო კვლევითი ვიზიტის განხორციელების მსურველთათვის საკვლევი პროექტის პრეზენტაციას გულისხმობს;
  4. გამარჯვებულად ცხადდებიან პროგრამების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები, რომელთა რაოდენობაც რექტორის ბრძანების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საკონკურსო პირობებზეა დამოკიდებული.

კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

სტუდენტის შემთხვევაში:

გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულების შიდა და გარე დოკუმენტები, რომლებშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე

ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტების ხელმოწერით, ევროპის უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგებაზე; საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებასა და ადრესატისთვის დროულად მიწოდებაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

აკადემიური პერსონალის შემთხვევაში:

საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ აკადემიურ პერსონალს  უფორმდება სწავლების/კვლევის ხელშეკრულების გარე და შიდა დოკუმენტები. პირველი მათგანი პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსისტეტში ჩასატარებელი სალექციო საათებისა თუ კვლევის გეგმის განსაზღვრაზე, მეორე კი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტში მობილობის შემდგომი აქტივობების დაგეგმვაზე. ხელშეკრულებების ხელმოწერით, კონკურსის წესით შერჩეული აკადემიური პერსონალი პასუხისმგებლობას იღებს გამგზავნ და მასპინძელ უნივერსიტეტებში ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისირებად შესრულებაზე.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია აკადემიური პერსონალის მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და პარტნიორი უნივერსიტეტისთვის დროულად მიწოდებაზე. აკადემიური პერსონალი კი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

საერთაშორისო მობილობის ეფექტიანობის შესაფასებლად, მასპინძელი უნივერსიტეტებიდან დაბრუნების შემდგომ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მოეთხოვებათ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარების შევსება.


ინგლისურენოვანი პროგრამები და კურსები


დღეისათვის ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს 10 აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელთაგან 2 სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ხოლოდა ნარჩენი 8 ქართულენოვანია, მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი კომპონენტით. 

საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემუშავებული აქვს 2020-2021 აკადემიური წლის ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი, რომელიც შემომავალი მობილობით დაინტერესებულ საერთაშორისო სტუდენტებს ინგლისურენოვანი კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს. კატალოგი ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას და წარმოადგენს საერთაშორისო სტუდენტების მობილობით მიღებისთვის ინსტიტუციური მზადყოფნის გარანტს.


ექსტრაკურიკულარული აქტივობების ინტერნაციონალიზაცია


სტუდენტური აქტივობების ინტერნაციონალიზაციის კუთხით აღსანიშნავია ევროპის უნივერსიტეტშიევროპული ჰორიზონტების” (European Horizons) წარმომადგენლობის არსებობა. ევროპული ჰორიზონტები საერთაშორისო სტუდენტური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 60-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს საერთაშორისო მასშტაბის კვლევითი პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. მათ შორის საუბარია ისეთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სტენფორდი და იელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანდაც კემბრიჯი და სენტ ენდრიუსი დიდ ბრიტანეთში. ამას გარდა, თუ სტუდენტის კონკრეტული საერთაშორისო აქტივობა დაკავშირებულია კლევით ან საგანმანათლებლო საქმიანობასთან, ევროპის უნივერსიტეტი მეშვეობით თავის სტუდენტებს აღნიშნული გამოცდილების მიღების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა სტუდენტთა საზაფხულო სკოლებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვა რელევანტურ ღონისძიებებში მონაწილეობის დასაფინანსებლად.

აკადემიური  პერსონალის შემთხვევაში ექსტრაკურიკულარული გამოცდილების მიღება შესაძლებელია აფილირების ჭრილში გამოყოფილი დაფინანსების დახმარებით. რიგ შემთხვევებში, შესაბამისი პროგრამის  ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, არააფილირებული პერსონალისთვისაც ხდება დამატებითი სახსრების მობილიზება მნიშვნელოვანი პროფესიული აქტივობებისთვის საზღვარგარეთ. ამას გარდა, ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი რეგულარულად ეზიარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას უცხოელი ექსპერტების სრულად დაფინანსებულ სემინარებსა და ვორკშოპებზე დასწრების გზით, მათ შორის დისტანციურ რეჟიმში.


უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი


ევროპის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირებულ ადმინისტრატორთა მომსახურების (CTAS) ქსელის მხრიდან სერტიფიცირების პროცესი და განათლების საგამოცდო სერვისიდან (ETS) მიიღო თანხმობა უნივერსიტეტის ბაზაზე TOEFL ტესტირების ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ევროპის უნივერსიტეტმა ETS-თან შესაბამისი ხელშეკრულება 2020 წლის 12 ივნისს გააფორმა. ETS არის მსოფლიოს უმსხვილესი ტესტირებისა და შეფასების ორგანიზაცია, რომლის ცენტრალური ოფისიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. აშშ-დან ევროპის უნივერსიტეტმა უკვე მიიღო  ცენტრის ტექნიკური აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარი. ცენტრი უახლოეს მომავალში ამოქმედდება და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზევე შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებას.

 


გააზიარე გვერდი: