„ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ისტორია“

ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2020 წლის 15 მაისს , ლევან მახაშვილისა (ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) და მერაბ გოხელაშვილის (საჯარო მმართველობის დოქტორი) ერთობლივი  წიგნი გამოიცა - „ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ისტორია“.

„ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ისტორია“ რიგითი მკითხველისთვის გასაგები ენით გვაცნობს ევროკავშირის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსა და მოლაპარაკებებს, გაფართოებების პროცესებს, გავლენიანი პოლიტიკოსების როლს, ხელშეკრულებების შინაარსა და სიახლეებს, აგრეთვე თანამედროვე განვითარებებს - პოპულიზმის მომძლავრებას, ევროპულ მიგრაციულ კრიზისს, ფინანსურ კრიზისსა და ბრექსიტს.

წიგნი ამომწურავად პასუხობს კითხვებს, თუ რატომ იყო და არის ევროპული პროექტის საჭიროება? რატომ და როგორ მოხდა ევროკავშირის დაფუძნება და განვითარება? რა იყო ის მთავარი არგუმენტები და იდეები, რამაც საციცოცხლო როლი ითამაშა ამ პროცესში? რა იყო წევრი სახელმწიფოების, ცალკეული ლიდერებისა და მთავარი საერთაშორისო აქტორების პოზიციები ევროკავშირის ისტორიის ყველა საკვანძო მოვლენის დროს?

წიგნი ეფუძნება მსოფლიოს აკადემიურ საზოგადოებებში ფართოდ აღიარებული ავტორების ნაშრომებს. ეს არის სახელმძღვანელო ამ თემით დაინტერესებული სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის, რომლებსაც პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ქართულ ენაზე ათწლეულების მიხედვით დეტალურად გაეცნონ ევროკავშირის ჩამოყალიბების ისტორიას.

აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია აგვისტოს ბოლოს შედგება.

გააზიარე გვერდი: