ევროპის უნივერსიტეტი European Horizons-ის საერთაშორისო სტუდენტურ ქსელს უერთდება

ევროპის უნივერსიტეტი გახდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი უმაღლესი დაწესებულება, რომელიც European Horizons-ის საპატიო საერთაშორისო ქსელს შეუერთდა. მსოფლიო მასშტაბით ორგანიზაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა, მაგალითად, სტენფორდი და იელი ა.შ.შ.-ში, ან კემბრიჯი და სენტ ენდრიუსი დიდ ბრიტანეთში. 

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს კონსულტაცია რეგიონალურ კოორდინატორთან, რომელიც ლონდონიდან მათ ვირტუალურად ჩაერთო და დააკვალიანა. დაიგეგმა სტუდენტური არჩევნები, რომლის შედეგადაც უნდა დაკომპლექტდეს European Horizons-ის ადგილობრივი მმართველობა.  თვითმმართველობის პარალელურად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ახლა უკვე ყოველწლიურად აირჩევენ European Horizons-ის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერსა თუ სხვა ოფიციალურ პირებს. 

აღნიშნული სიახლის ინიციატორი, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თათია დოლიძე, მოახლოებული არჩევნების წინ შეხვდა სტუდენტებს და მათ European Horizons-ის ადგილობრივი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ტექნიკური ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სხვა პროფესორებმაც და სტუდენტებს European Horizons-ის საქმიანობის ფარგლებში დახმარება აღუთქვეს. 

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა ასევე ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” ვიცე-პრეზიდენტი მარიამ იმერლიშვილი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა სტუდენტები დაატრენინგოს ორგანიზაციის მართვის, ფონდების მოძიების, ღონისძიებების ორგანიზებისა და European Horizons-ს ფარგლებში სხვა აუცილებელი საქმიანობის მიმართულებით. 
 

გააზიარე გვერდი:

Hello World!