გამოცდები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, როგორც შუალედური, ასევე დასკვნითი გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი. აღნიშნული ცენტრის მუშაობის პრინციპი ეფუძნება თითოეული სტუდენტისადმი თანაბარ მიდგომას და პროცესების გამჭვირვალე გარემოში წარმართვას. საგამოცდო ცენტრი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესით. საგამოცდო პროცედურებში უკეთესად გარკვევის მიზნით სტუდენტს შეუძლია აღნიშნულ ბლოკში გაეცნოს მისთვის სასურველ ინფორმაციას.

რა პროცედურები უნდა გავიარო გამოცდაზე შესვლამდე?

  • გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო დროის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

როგორია გამოცდების ჩატარების პროცედურები?

  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ურიგდებათ საგამოცდო საკითხები/ტესტები და დამკვირვებელი აცნობს გამოცდაზე ქცევის წესებს.
  • საგამოცდო დრო განისაზღვრება სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით.
  • საგამოცდო დროის დაწყებიდან დაგვიანებული სტუდენტი გამოცდაზე დაიშვება 15 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ დაგემატებათ საგამოცდო დროზე.

რა უფლება-მოვალეობები აქვს დამკვირვებელს?

  • დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს გამოცდაზე ქცევის წესები. მან თვალყური უნდა ადევნოს საგამოცდო დროის პერიოდში გამოცდის მიმდინარეობას და დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
  • დამკვირვებელს უფლება აქვს, გამოცდის დაწყებამდე უზრუნველყოს ტელეფონების, ელექტრო- ხელსაწყოების, წიგნების, კონსპექტების და სხვა მასალების ჩამორთმევა, გარდა საგამოცდო საკითხებით დაშვებულისა. ამასთან, გამოცდის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჩამოართვას შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები.
  • დამკვირვებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნამუშევრების კონფიდენციალობის დაცვა.
  • დამკვირვებელი ვალდებულია, საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გაგართხილოს სტუდენტები საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ. ამასთან, გამოცდისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ნამუშევრები გადასცეს საგამოცდო ცენტრს.

 რისი შეტანის უფლება მაქვს/არ მაქვს გამოცდაზე?

  • უფლება გაქვთ შეიტანოთ ან მოითხოვოთ საგამოცდო ბილეთით/ტესტით დადგენილი დამხმარე მასალა (კალკულატორი, კოდექსი, ტაბულა, რუკა და ა.შ). ასევე, საგამოცდო ოთახში შეიტანოთ სასმელი წყალი.
  • გამოცდის მიმდინარეობისისას უნდა გამორთოთ ნებისმიერი ელექტრონული საშუალება (მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და სხვა) და მოათავსოთ მისთვის გამოყოფილ ადგილას.

 როდის შემიძლია გავასაჩივრო გამოცდის შედეგები?

სტუდენტი უფლებამოსილია, შედეგების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, მიმართოს საგამოცდო ცენტრს თავის მიერ შესრულებული საგამოცდო ნაშრომის გაცნობის მიზნით, ხოლო სასწავლო კურსის განმახორციელებელ ლექტორს საგამოცდო ნაშრომის განხილვის მიზნით. თუ სტუდენტი ნაშრომის გაცნობის (სტუდენტისთვის ნაშრომის გაცნობას უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი) და განხილვის შემდეგ ჩათვლის, რომ მის მიერ შესრულებული ნაშრომი შეფასებულია არაობიექტურად, ის უფლებამოსილია იმავე დღეს წერილობითი განცხადების საფუძველზე გაასაჩივროს მიღებული შეფასება. 

 რის საფუძველზე შეიძლება მომხსნან გამოცდიდან?

  • ლექსიკონის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, აიპადის, კალკულატორის  და დამხმარე მასალის, (გარდა ნებადართული შემთხვევისა) ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში).
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
  • სხვა პირის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას სტუდენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას სტუდენტი.

რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?

  • თუ საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტსთ მუშაობას და არ ჩააბარებთ ნაშრომს.
  • თუ ნაშრომში დააწერთ სახელს, გვარს (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ფურცლისა) ან გააკეთებთ  პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან.
  • თუ შესაბამისი დარღვევების გამო, მოგხსნეს გამოცდიდან.
გააზიარე გვერდი: