სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის X-XI კლასის მოსწავლეები „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის დეპარტამენტის საველე სამუშაოებში ჩაერთნენ

24 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიცია და იმიტირებული სასამართლო დარბაზი. ასევე, მოეწყო საველე გასვლა „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ნიჩბისისხევის ელინისტური პერიოდის სამაროვანზე.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ დარგის სპეციფიკას და ექსპედიციაში მყოფი არქეოლოგების დახმარებით თავადაც ჩართულიყვნენ საველე სამუშაოებში.

შეხვედრას უძღვებოდნენ არქეოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი, ნაზარლოს საჯარო სკოლის პედაგოგი ნუბარ ბაირამოვა და არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლია ლომიძე.

“ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკულ სამუშაოებსა და საველე გასვლებში მუდმივ ჩართულობას. აბიტურიენტები, რომლებიც არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, “ევროპის უნივერსიტეტისგან” სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ.