სხვა სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება – ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
31 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Hotel -ში გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება – ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, “გაეროს ქალთა ორგანიზაციისა” და „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლობით გაიმართა.

ინიციატივა ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს პრაქტიკას და მიზნად ისახავს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყოველწლიურად გამართული ღია დებატის მოდელირებას.

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძემ.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და დანიის ელჩმა საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენმა.

ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე ესწრებოდა.

კანდიდატები დებატებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ მოამზადა.

ღონისძიება მოიცავდა სრულ დებატურ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში საერთაშორისო პოლიტიკისა და WPS დღის წესრიგის უკეთ შესწავლას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სესიას:

პირველი სესია:
მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების ოფიციალური პოზიციები ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე.

მეორე სესია:
განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ახალი პროექტი და ჩაერთნენ მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

მესამე სესია:
მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ხედვები რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, გაიმართა დებატები და ხმათა სიმულაციური პროცესი.

დებატებამდე დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს წინასწარ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც “ევროპის უნივერსიტეტში” გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მათი ცოდნის გაღრმავება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებების დღის წესრიგის შესახებ, მოლაპარაკების უნარების განმტკიცება და უშიშროების საბჭოს პროცედურების სირთულეებისთვის მომზადება.

დებატების ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ქვეყნების პოზიციები, ჩამოაყალიბეს ალიანსები და ხმის მიცემის სიმულაციის დროს მიიღეს ახალი რეზოლუცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოება თემაზე – რითაც წარმოაჩინეს თავიანთი ლიდერობა და ხედვა ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობის შესახებ.

გამოვლინდნენ დებატებში გამარჯვებული მონაწილეები:

I ადგილი – მარიამ თვალაძე (კავკასიის უნივერსიტეტი)

II ადგილი – გიორგი ღურჭუმელია (კავკასიის უნივერსიტეტი)

III ადგილი – ელენე-ეკატერინე დვალიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

III ადგილი – ცოტნე კოკიაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი)

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განემტკიცებინათ ანალიტიკური და დებატური უნარები, გაეზიარებინათ ცოდნა და პრაქტიკულად გამოეყენებინათ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული გამოცდილება.

შეხვედრის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.