“ევროპის უნივერსიტეტსა” და “აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტს” (იტალია) შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტს” (იტალია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას, ასევე სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის სფეროში კოორდინირებული საქმიანობის განვითარებას, საერთო კვლევითი ინტერესების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის განვითარებას.