ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტაილანდში სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონფერენციას დაესწრნენ

25-28 მაისს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში„ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ზარგინავა, ვიცე-რექტორი, ნიკოლოზ ფარჯანაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ნათია ჯოჯუა და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ გოგნაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის 2025 წლის კონფერენციას (World Federation for Medical Education Conference 2025) დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიაში, სამედიცინო განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის აღსანიშნავად, მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექვსი რეგიონის წარმომადგენლებმა და ორმა მასპინძელმა ორგანიზაციამ – WFME და IMEAc.
WFME 2025-ის კონფერენციამ გააერთიანა სამედიცინო განათლების ყველა დაინტერესებული მხარე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უნივერსიტეტები, მარეგულირებლები, ჰოსპიტლები და სხვა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები დაესწრნენ სხვადასხვა სესიას, რომელიც ეხებოდა სამედიცინო განათლების კონტექსტში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს. მოხსენებები წარმოადგინეს დარგის ექსპერტებმა და პედაგოგებმა მთელი მსოფლიოდან. თემები მრავალფეროვანი იყო – სამედიცინო კვლევებისა და პრაქტიკის მიღწევებიდან სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლებისა და სწავლის პრაქტიკულ ასპექტებამდე, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება განათლებასა და მედიცინაში.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მენეჯმენტმა კონფერენციის დელეგატებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილა და დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები.