#ErasmusDays2025 – სტუდენტები და ლექტორი მარიკა მჭედლიძე ნიდერლანდებში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ

13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით “ერაზმუსის” დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.
“ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიციირებულ კვირეულს და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაგაცნობთ.
“ერაზმუს+” KA171 საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ნიდერლანდების ქალაქ აპელდორნში იმყოფებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.
მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევა, ციფრული მარკეტინგი და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება.
სტუდენტებთან ერთად ნიდერლანდებში „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი მარიკა მჭედლიძე იმყოფებოდა.
მარიკა მჭედლიძე ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აფასებს:
– რას მოიცავდა ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში ჩატარებული საზაფხულო სკოლა პროგრამა?
– ეს იყო ინტენსიური, 24-საათიანი კურსი მარკეტინგსა და ბრენდინგში. შეხვედრები გაჯერებული იყო საინტერესო ქეისიებით და მორგებული ადგილობრივ ღირსშესანიშნაობების წარმოჩენაზე. მასპინძლებმა ადგილობრივი ტურისტული ატრაქცია „Paleis Het Loo“ დაგვათვალიერებინეს, რომლის შესახებაც შემდგომ სტუდენტებმა მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავეს.
ყველა პრეზენტაციაში აისახა მდგრადობის პრინციპები და ხედვა, თუ როგორ შეუძლია მათ კომპანიებს წვლილის შეტანა პლანეტის მდგრად განვითარებაში. სტუდენტებმა ასევე დაგეგმეს, როგორ გამოიყენებენ ტექნოლოგიებსა და ციფრულ საკომუნიკაციო არხებს ბრენდის წარმატებისთვის.
– რამდენად მნიშვნელოვანია ერაზმუსის აქტივობები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის?
– ვიტენბორგის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა ნამდვილად გამორჩეული გამოცდილება იყო ჩემთვის, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ჩემთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.
მსგავსი შესაძლებლობები უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ცოდნის გაზიარებისთვის, არამედ კულტურული მრავალფეროვნების შესაძენად. “ევროპის უნივერსიტეტის“ სტენდთან ვიზიტის დროს ათამდე ქვეყნის წარმომადგენელს ჩვენი ტრადიციული ნუგბარი გავასინჯე, რამაც მათში ინტერესი გამოიწვია და საქართველოზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციაც გავუზიარე.
– რა იყო ყველაზე ღირებული საზაფხულო სკოლიდან?
– ყველაზე ღირებული იყო ადამიანური ურთიერთობები – ის სითბო და ყურადღება, რაც ორგანიზატორებმა გამოიჩინეს. სტუდენტები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი რაოდენობით – ჩინეთიდან. ეს მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო ჩემთვის.
შეგახსენებთ, რომ ერაზმუსის დღეების ფარგლებში 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მთავარი ღონისძიება „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში (აუდიტორია 505) გაიმართება.
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DUSw4nPDLEVftn8P8