ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი პროგრამის სტუდენტები ერაზმუს+ პროგრამით ნიდერლანდებში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ

“ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის ექვსი სტუდენტი “ერაზმუს+” KA171 პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების ქალაქ აპელდორნში, ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა.
“ერაზმუს+” KA171 საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს 28 ივლისი – 8 აგვისტოს პერიოდში ციფრული მარკეტინგისა და პერსონალური ბრენდინგის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სრულად დაუფინანსდათ.
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება და გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევა, ციფრული მარკეტინგი და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება.
გუნდში მუშაობამ და ინდივიდუალურმა სამუშაოებმა სტუდენტებს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების საშუალება მისცა. მათ სხვა მონაწილეებთან თანამშრომლობით შექმნეს ჯგუფური პროექტები და წარადგინეს პრეზენტაციები.
საზაფხულო სკოლა ასევე მოიცავდა ნიდერლანდებში საგანმანათლებლო ექსკურსიებს. სტუდენტები ეწვივნენ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს და დაათვალიერეს რამდენიმე მუზეუმი. აქტივობების მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი კავშირების დამყარებას. სტუდენტების შეფასებით, პროექტში მონაწილეობამ მათ პროფესიისთვის საჭირო უნარები განუვითარა.