ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
31 მაისს „ევროპის უნივერსიტეტი“ საჯარო სკოლის პედაგოგებს ONLINE ტრენინგზე „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ იწვევს
31 მაისს “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორგანიზებით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო ტრენინგს – „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ გამართავს.
ტრენინგის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ისეთი უნარების გაძლიერებით, როგორიცაა გაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვა, მიზნების სწორად ჩამოყალიბება და შეფასების თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება სწავლების პროცესში.
ტრენინგს გაუძღვება „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი, მარიამ რამინაშვილი.
ოთხსაათიანი სესია აერთიანებს თეორიულ ბლოკებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საერთაშორისო გამოცდილების განხილვას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიაზრონ, როგორია სწორი შეფასების მოდელი, რომელიც არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ავითარებს მოსწავლეს.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან შეფასების სამ ძირითად ტიპს – განმსაზღვრელს, განმავითარებელს და შემაჯამებელს. ნახავენ, რატომ არის განმავითარებელი შეფასება თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი. SMART მიზნების ფორმულირების პრაქტიკა მონაწილეებს შეაძლებინებს საკუთარი საგნის კონტექსტში შეიმუშაონ ზუსტი, გაზომვადი და რეალისტური სასწავლო მიზნები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება შესაბამის შეფასებით ფორმებს.
ტრენინგზე მსმენელები იმუშავებენ ორ პრაქტიკულ აქტივობაზე: გაკვეთილის დაგეგმვის სავარჯიშო, სადაც მონაწილეები ქმნიან საკუთარ გაკვეთილის სტრუქტურას, ასევე, რუბრიკის შედგენის დავალება, რომელიც ეხმარება მათ სწავლის ხარისხის დონეების განსაზღვრაში.
ხანგრძლივობა და ფორმატი:
4 საათი – ლექცია + პრაქტიკული მუშაობა, შესვენებით.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom–ის პლატფორმის გამოყენებით 31 მაისს, 10:00 – 14:00 (Zoom-ის შეხვედრის ბმული რეგისტრირებულ პედაგოგებს გადაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე).
რეგისტრაცია:
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://docs.google.com
რეგისტრაციისას, გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის სისწორე.
სერტიფიკატი:
ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაეგზავნებათ სერტიფიკატი. (თითოეული მონაწილის დასწრების ხანგრძლივობა zoom-ის შეხვედრაზე გაკონტროლდება, სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ სრული დასწრების შემთხვევაში).