ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდა
14 მაისს, FAO-ს ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I და II კურსის სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდა.
თეორიულ ტრენინგს FAO-ს ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსტენციის სპეციალისტი ანუკი ნაცვლიშვილი გაუძღვა.
ტრენინგებზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- საქართველოში რძის სექტორის მდგომარეობა და გამოწვევები. რძე და წველის ჰიგიენა, რძის შემადგენლობა, რძის პროდუქტები;
- სურსათის უვნებლობა და კანონმდებლობა;
- კლინიკური და ფარული მასტიტები, მათი პრევენცია და დიაგნოსტირება. ანტიბიოტიკების სწორი გამოყენება მკურნალობის პროცესში;
- ცხოველთა კეთილდღეობა და ჯანმრთელობა, ენდემური ინფექციური დაავადებები, მათი კლინიკური ნიშნები, დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია და მიკვლევადობის მნიშვნელობა;
- კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული ქეისების განხილვა.
ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, „პაპას ფერმაში“, გაგრძელდა.
პრაქტიკულ ტრენინგს FAO-ს უმცროსი ვეტერინარი და ექსტენციის სპეციალისტი ცია თორია უძღვებოდა.
ტრენინგების დასასრულს ლაქტოსკანის საშუალებით სტუდენტებმა შეამოწმეს ნედლი რძის პარამეტრები, ფარული მასტიტების არსებობა კალიფორნია მასტიტის ტესტის ნაკრების გამოყენებით და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ანტიბიოტიკების სწრაფი ტესტების გამოყენებით განსაზღვრეს რძეში ანტიბიოტიკების შემცველობის დონე.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას და მათ რეალურ გარემოში მუშაობას ასწავლის.