საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა “უელვას უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა 4-10 მაისს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ესპანეთში, “უელვას უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ანა ფოჩხუა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი მაგდა ბერიკაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტი ბექა გელდიაშვილი.

კვირეულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც მონაწილეებს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და პროფესიული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.

კვირეულის განმავლობაში მონაწილეები ჩართული იყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში, მათ შორის სამუშაო შეხვედრებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიურ სესიებში. “უელვას უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა მონაწილეებს ესპანეთის უმაღლესი განათლების სისტემის ძირითადი მიმართულებები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო ხედვები გააცნეს.

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ასევე პირადად შეხვდნენ “უელვას უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორს კვლევისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით და საექთნო პროგრამის ხელმძღვანელს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობამ “ევროპის უნივერსიტეტსა” და “უელვას უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა. ამასთანავე, გამოიკვეთა პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ახალი შესაძლებლობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.