მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ სიმულაციური შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა

სიმულაციური

2 მაისს „ევროპის უნივერსიტეტში“ სიმულაციური ცენტრის ორგანიზებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებული სიმულაციური შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა.

დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 9 გუნდმა სპეციალურად შეჯიბრისთვის შემუშავებულ კლინიკურ შემთხვევაზე იმუშავა.

ჟიურის წევრებმა სტუდენტები წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გათვალისიწნებით შეაფასეს და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი 6 გუნდი გამოავლინეს.

შეჯიბრის ჟიურიში იყვნენ:

დანიელ რეი ალდანა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი

სერხიო სინზა სანხურხო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი

ანა ინაური„ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი

ნინო ტაბიძე„ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეჯიბრი „ევროპის უნივერსიტეტში“ პირველად ჩატარდა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რეალური შემთხვევების სიმულაციაში გამოეცადათ.

თითოეულმა გუნდმა მიიღო პაციენტი, რომელიც მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა და ექიმთან ვიზიტისას მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა.

სტუდენტების ამოცანა იყო ანამნეზისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, სასიცოცხლო მონაცემების შემოწმება, გუნდთან ერთად უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა და გულის ამუშავება.

სიმულაციური შეჯიბრის მომდევნო ეტაპი „Body Interact”-ის ტური იქნება, რომლის შედეგადაც ფინალში გამსვლელი 3 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება.