“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნულ კონფერენციას დაესწრო
28 თებერვალს Radisson Blu Iveria-ში ეროვნული კონფერენცია გაიმართა, თემაზე: “ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში – უწყვეტი პროფესიული განათლება, აკრედიტაცია, E-Learning და AI -ციფრული ტრანსფორმაცია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის”.
კონფერენცია ექთანთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა და მას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, კლინიკების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული კონფერენციის მონაწილე “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა იყო.
„ექთანთა გაერთიანების“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში უწყვეტი პროფესიული განათლების (CPD) ეროვნული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ICN, WHO და IACPDA საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და პროფესიული კომპეტენციების, პაციენტის უსაფრთხოებისა და კლინიკური შედეგების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ ეტაპობრივი დანერგვის სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო აღიარების მექანიზმების შექმნასა და მონიტორინგის მაღალი სტანდარტების დაწესებას.
„ევროპის უნივერსიტეტი“, როგორც სამედიცინო განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი, აქტიურად აგრძელებს მონაწილეობას იმ ინიციატივებში, რომლებიც ქვეყანაში ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას ემსახურება.