მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების მეორე ნაკადის კლინიკური სტაჟირება ჰაიდელბერგში დასრულდა

დიპლომირებული მედიკოსის
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებმა 23-27 თებერვალს, გერმანიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური სტაჟირება წარმატებით გაიარეს.

სტუდენტების მეორე ნაკადი „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გერმანიაში ერთი კვირით იმყოფებოდა. სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამა ითვალისწინებდა ქირურგიულ ოპერაციებზე დასწრებას, ექიმების ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას და კლინიკური შემთხვევების განხილვას, მინიმალური ინვაზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ვორკშოპებსა და შესაბამისი ტექნიკების დაუფლებას.

სტაჟირების პერიოდში მომავალი მედიკოსები თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებს გაეცნენ. შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ყოველდღიურ სამედიცინო პროცესებში და მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული მიმართულებით.

კლინიკური პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ შრომის ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ „ევროპის უნივერსიტეტის“ ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის (MD) საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად შეფასდა გაერთიანებული სამეფოს გენერალური სამედიცინო საბჭოს (GMC) მიერ და აღიარებულ იქნა, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიმწოდებელი, რომელიც სრულად შეესაბამება გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო სკოლების სტანდარტებს.