CIF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „InnovaVet“ დასკვნითი კონფერენციით დაიხურა
3 დეკემბერს კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის -„ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თამარ წერეთელმა და კონკურენტული ინოვაციების ფონდის ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელმა, ანა გომელაურმა გახსნეს.
მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას პროექტის წარმატებისა და ვეტერინარიის დარგის განვითარებისთვის.
პროექტის სამუშაო ჯგუფმა დამსწრეებს InnovaVet-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები წარუდგინა. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ თემატური მოხსენებები.
ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ბერუაშვილმა, ვეტერინარიისა და ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები წარმოადგინა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თეა ოშხერელმა, ყურადღება გაამახვილა ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების საკითხებზე.
ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა ბოკუჩავამ, განიხილა OSCE/OSPE-ის ჩატარების წესის მოდერნიზების საჭიროება და გამოწვევები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლევან ციცქიშვილმა დეტალურად წარმოადგინა საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების პროცესი და მიღწეული შედეგები.
ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა ვეტერინარიის სფეროს აკადემიური წრეებისთვის, დარგის ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ვეტერინარული განათლების ეროვნული და საერთაშორისო განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესებში.