სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტში სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

წიგნის პრეზენტაცია
28 ნოემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტმა უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა იოსებ კელენჯერიძემ სამართლის დარგში ქართულენოვანი აკადემიური ლიტერატურის არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხარისხიანი, თანადროული და კონცეპტუალურად გამართული ქართული სამეცნიერო რესურსის არსებობა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები:

1. “საბჭოთა კავშირის რუსეთით ჩანაცვლება გაეროს უშიშროების საბჭოში: სამართლებრივი თავსატეხი თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი რეალობა“ ავტორი: იოსებ კელენჯერიძე

კვლევა კონცენტრირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო თემაზე – სსრკ-ის რუსეთის ფედერაციით ჩანაცვლების სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე. ნაშრომში გაანალიზებულია პროცესი, რომლითაც რუსეთი გაეროს წესდების სავალდებულო პროცედურის გვერდის ავლით აღმოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად. ამასთანავე, მოცემულია გაეროს არაერთგვაროვანი მიდგომები ანალოგიურ შემთხვევებში და ის საერთაშორისო პოლიტიკური შედეგები, რომელიც ფართომასშტაბიან განხილვებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

2. “კაზუსის ამოხსნის მაგალითები მემკვიდრეობით სამართალში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით)”  ავტორი: ეკატერინე ლაფაჩი

წიგნი ეფუძნება ქართულ სასამართლო პრაქტიკას და მოიცავს მემკვიდრეობით სამართალში შედგენილ კაზუსებს ამოხსნებთან ერთად. მისი სტრუქტურა მკაფიო და სასწავლოდ მოსახერხებელია, ცალკე გამოტანილია კაზუსების ფაბულა და გრაფიკული სქემა.

კაზუსის გადაწყვეტა წარმოდგენილია ორ ეტაპად:

  • ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი – სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვით;
  • სამართლებრივი გადაწყვეტა – მოთხოვნის წარმოშობა, შეწყვეტა, განხორციელება და საბოლოო დასკვნა.

3. “სამედიცინო სამართალი – ექიმის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენა და პაციენტის უფლებები ქართულ-გერმანულ კანონმდებლობაში“ ავტორი: მერი ბანცაძე

წიგნი განიხილავს სამედიცინო სამართლის განვითარებად და აქტუალურ სფეროს – ექიმის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობას და პაციენტის უფლებების დაცვას ქართულ და გერმანულ სამართალში.

ნაშრომი ასახავს საკანონმდებლო სიახლეებსა და პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის სამედიცინო სამართლის, როგორც დამოუკიდებელი დარგის განვითარებას.

„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერას და ქართული სამართლის ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობას.