„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები „აგრო ინდუსტრიას“ ესტუმრნენ
20 ნოემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასამყარებლად მერძეული მიმართულების მოწინავე ფერმას – „აგრო ინდუსტრია“ ესტუმრნენ.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თეორიული ცოდნის გამყარება და სწავლის შედეგების უშუალოდ ფერმერულ მეურნეობაში პრაქტიკული გამოყენება.
სტუდენტებთან ერთად სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა იმყოფებოდა.
საველე გასვლები უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც პირდაპირ ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას.
სტუდენტებს ფერმის მთავარმა ვეტერინარმა ამირან კოჩალიძემ უმასპინძლა და მათ პრაქტიკული სამუშაო პროცესი გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მსხვილფეხა პირუტყვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში, რაც მოიცავდა: რუმინოტომიის პრაქტიკულ დემონსტრირებას, წიგნარას დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
ამ ტიპის საველე პრაქტიკა ხელს უწყობს არა მხოლოდ სტუდენტთა პროფესიულ კომპეტენციას, არამედ აძლიერებს კავშირს აკადემიურ დაწესებულებასა და აგროსექტორს შორის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი მეცხოველეობის უზრუნველყოფისთვის.