პროექტის „დამსაქმებლის გამოწვევა“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
15 ნოემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ პროექტის „დამსაქმებლის გამოწვევა“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.
პროექტის ფარგლებში შერჩეულმა სტუდენტებმა იმუშავეს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე. სტუდენტებმა მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზა და წარადგინეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის – ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე.
პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიეღოთ უკუკავშირი, რომლის გამოწვევებზეც იმუშავეს.
ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძე ესწრებოდა.
გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელმაც ა(ა)იპ “ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” გამოწვევაზე იმუშავა. გამოწვევა მიზნად ისახავდა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.
ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი ეწვევა ბრიტანეთის საელჩოს თბილისში.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბრიტანეთის საელჩოს დიპლომატიურ საქმიანობას ადგილზე, შეხვდნენ სხვადასხვა დეპარტამენტის გუნდსა და დიპლომატს.
„დამსაქმებლის გამოწვევა“ ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტს განათლების ცენტრი “ოქროს კომპასი” “ევროპის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით ახორციელებდა.