საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

#ErasmusDays2025 – მილენა ზარქუა გაცვლითი პროგრამით საბერძნეთში, პირეუსის უნივერსიტეტში იმყოფება

erasmusdays2025
13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით “ერაზმუსის” დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.

“ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიციირებულ კვირეულს და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაგაცნობთ.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მილენა ზარქუა სრულად დაფინანსებული “ერაზმუს+” მობილობის პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთში, პირეუსის უნივერსიტეტში იმყოფება.

მილენა თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ინტერვიუს ფორმატში საუბრობს:

– როგორ დაგეხმარათ Erasmus+ მობილობა პროფესიული და აკადემიური განვითარებისთვის?

– “Erasmus+ მობილობის დაწყება ჩემთვის უდიდესი შანსია გამოვცადო ახალი აკადემიური და კულტურული გარემო. სწავლა პირეუსის უნივერსიტეტში სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, მაგრამ უკვე ვგრძნობ რამდენად ფართო პერსპექტივას მიხსნის ეს გამოცდილება. აქაური ლექციები და სემინარები მაძლევს საშუალებას უკეთ გავიგო ჩემი სპეციალობა ევროპულ კონტექსტში, განვივითარო ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ამ ყველაფერმა უფრო მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემმატა როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სფეროში.

– როგორ მოახერხეთ მულტიკულტურულ გარემოსთან ადაპტაცია და რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროცესში?

– მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრება თავდაპირველად ცოტათი ამაღელვებელი იყო, მაგრამ უკვე ვგრძნობ როგორ მეხმარება ყოველდღიური ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან უფრო გახსნილად და თავდაჯერებულად ყოფნაში.

– გაგვიზიარეთ, რა ახალი უნარები ან კომპეტენციები შეიძინეთ მობილობის განმავლობაში.

– ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ. ვცდილობ ვიყო უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური. ამ პროცესმა მასწავლა ადაპტაცია ახალ გარემოში, გუნდურად მუშაობა და საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვა. ძალიან მადლობელი ვარ ევროპის უნივერსიტეტის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ვიყო ამ გამოცდილების ნაწილი და საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოვაჩინო“.

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ყოველ სემესტრში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო განათლებას მასპინძელ უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში იღებენ, სწავლობენ ახალ გარემოსთან შეგუებას, დამოუკიდებლობას და იძენენ სხვა მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს.

შეგახსენებთ, რომ ერაზმუსის დღეების ფარგლებში 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მთავარი ღონისძიება „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში (აუდიტორია 505) გაიმართება.

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DUSw4nPDLEVftn8P8