ჟან მონეს საზაფხულო აკადემია — მე-5 დღე: მოწვეული ლექტორების სესიები

ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები” ონლაინ პროგრამა დასრულდა მოწვეული სპიკერების სესიებით.
აკადემია ტარდება “ევროპის უნივერსიტეტში” „ევროკავშირის გაფართოება: წარსული გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” (EnlargEU — 101127859, 2023–2026) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და თათია დოლიძის ხელმძღვანელობით.
თამთა ცხოვრებაძემ (ვებსტერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და კოორდინატორი) დღე დაიწყო გეოპოლიტიკისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართების განხილვით ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. მეჰმეთ რეჯაი უიუგურმა (ლიეტუვის SMK გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯის უფროსი მკვლევარი) წარმოადგინა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების მიდგომები გაფართოებისადმი. დღის მეორე ნახევარში კი ფრედერიკ ლაბარემ (კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯი; ავსტრიის თავდაცვის აკადემია) ისაუბრა კანდიდატ ქვეყნებში უსაფრთხოების გამძლეობასა და ყარაბახის ომის შემდგომ გარემოზე სამხრეთ კავკასიაში.
თათია დოლიძის დასკვნითმა ლექციამ შეაჯამა აკადემიაზე განხილული საკითხები. მონაწილეებმა დაწერეს დასკვნითი ქვიზი, გააზიარეს შთაბეჭდილებები და გაეცნენ შეფასების კითხვარს, რომელსაც ანონიმურად შეავსებენ.
ონლაინ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეიკრიბებიან სექტემბერში დასკვნითი დისკუსიისა და დაჯილდოებისთვის.