სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ბათუმში ევროსაბჭოს 3-დღიან სამუშაო შეხვედრას “ჩემი ხმა დემოკრატიაში” დაესწრნენ

27-31 ივლისს „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ბათუმში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამუშაო შეხვედრას „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ დაესწრნენ.
კონკურსის შედეგად შერჩეულმა სტუდენტებმა საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტ სტუდენტთან და ახალგაზრდა ლიდერთან ერთად სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობასა და დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებაში მათ როლზე იმსჯელეს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საარჩევნო უფლებებთან მიმართებაში “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მესხორაძემ ისაუბრა და მონაწილეებს პროექტის თემატიკის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საარჩევნო პროცესების, ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტების პრეზენტაციებისა და ჯგუფური სამუშაოების საშუალებით, მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს საარჩევნო პროცესების მიუკერძოებლობასა და ამომრჩეველთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ახალგაზრდებმა, ასევე, გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო საკითხებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართლის შესახებ.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროსაბჭოს საარჩევნო პროექტის “Supporting Transparency, Inclusiveness and Integrity of Electoral Practice and Process in Georgia” ფარგლებში.