საერთაშორისო კვირეული 2025

2025 წლის 19-23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტმა პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს 8 ქვეყნის 11 უნივერსიტეტიდან 16 წარმომადგენელი ეწვია. კვირეულის მრავალფეროვანი პროგრამა მდიდარი იყო როგორც სამუშაო შეხვედრებითა და პრაქტიკული სესიებით, ისე კულტურული აქტივობებით, რაც მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას,  გამოცდილებისა და კულტურის გაზიარებას.

კვირეული გაიხსნა "ევროპის უნივერსიტეტის" ისტორიისა და მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივების წარდგენით. მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავიანთი უნივერსიტეტები, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივ გაცნობასა და ცოდნის გაზიარებას.

პროგრამის შემდგომ ეტაპზე მონაწილეები პრაქტიკულ სესიებში ჩაერთნენ. Erasmus+ პროექტის განაცხადების მომზადებაზე გამართული სამუშაო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები მომავალი საპროექტო განაცხადების გაუმჯობესებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სესიას, რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის როლსა და გავლენას უმაღლეს განათლებაში — მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც მის შესაძლებლობებზე, ასევე რისკებზე.

კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და განათლების სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებს. მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების მომავალზე ორიენტირებული საკითხები.

კულტურული კომპონენტი კვირეულის განუყოფელი ნაწილი იყო. მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა ქართული ენის ინტერაქციულ სემინარში, სადაც ისინი გაეცნენ უნიკალურ ანბანს და შეისწავლეს ყოველდღიური ფრაზები. კვირეულის ფარგლებში, მოეწყო თბილისის ღირსშესანიშნაობების ტური. ერთ-ერთი დღე მიეძღვნა კახეთში ექსკურსიას, რომლის დროსაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ტრადიციული სამზარეულო, გაეცნენ ადგილობრივ ხელოვნებასა და ტრადიციებს.

კვირეული დასრულდა პანელური დისკუსიით – „უნივერსიტეტი კედლების გარეშე“, სადაც კვირეულის მონაწილეებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს გლობალური განათლების ტრანსფორმაციებსა და თავიანთ ხედვებზე.

საერთაშორისო კვირეულის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება ინოვაციური და ინკლუზიური განათლების განსავითარებლად. "ევროპის უნივერსიტეტი" გულითად მადლობას უხდის ყველა მონაწილეს პროდუქტიული და შთამაგონებელი კვირეულისთვის.