„ევროპის უნივერსიტეტმა“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“ (ETAG), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, 2025 წლის 26 აპრილს გამართეს ერთდღიანი კონფერენცია – “ინგლისური ენის სწავლება ციფრულ ეპოქაში: ხელოვნური ინტელექტიდან საგამანათლებლო ტექნოლოგიების (EdTech) ინოვაციამდე”.
კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის დირექტორმა, რუსუდან ტყემალაძემ და „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ დირექტორმა, ზაზა ფურცელაძემ.
„ევროპის უნივერსიტეტში“ გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის პედაგოგები საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედი ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მთავარი მოხსენებები და პარალელური სესიები, სადაც განიხილეს ინგლისური ენის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული საკითხები. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეფექტური სტრატეგიები და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები. სესიებზე მომხსენებლებმა განიხილეს როგორც შესაძლებლობები, ასევე გამოწვევები და აუდიტორიას სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით შესთავაზეს კონკრეტული მეთოდოლოგიები.
„ევროპის უნივერსიტეტი“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია“ იზიარებენ საერთო ღირებულებას – საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტის განვითარებაში წვლილის შეტანა. ორივე ინსტიტუცია ერთგულია მათი საქმიანობის მთავარი პრინციპისადმი, ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო პრაქტიკის გაუმჯობესებას და სწავლება-სწავლის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ამ ტიპის ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს, „ევროპის უნივერსიტეტის“ მისიისა და ხედვის მთავარ არსს წარმოადგენს და განაპირობებს უნივერსიტეტის მესამე მისიის რეალიზების ერთ-ერთ შესაძლებლობას.
ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობა წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, თანამედროვე მეთოდოლოგიების ხელშეწყობისა და სწავლება-სწავლის პროცესის გადააზრების ერთობლივი ძალისხმევის ძალიან პოზიტიურ პრაქტიკას.