სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები, სხვა სიახლეები

კონკურსი სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კალსის მოსწავლეებისთვის – განაცხადების მიღება დაიწყო

სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსში “დასაქმების გამოწვევა” მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

პროექტი ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL)-ის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით (# UCL #IOE Employers’ Challenge). კონკურსი „ევროპის უნივერსიტეტის“, „ოქროს კომპასისა“ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – Chevening-ის სტიპენდიის მფლობელების თანამშრომლობით 10-24 მაისის პერიოდში ჩატარდება.

გამოწვევის ფარგლებში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებთ პროექტებზე, რომლებსაც სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები მოგაწვდიან.

მოგიწევთ ჩაატაროთ მარკეტინგული კვლევა, კონკურენტების ანალიზი, დაგეგმოთ ღონისძიება, განავითაროთ პროდუქტი და სხვ. რეალური ორგანიზაციული პრობლემების გადასალახად.

გამოწვევაზე მუშაობის პროცესში ჩაგიტარდებათ ტრანსფერული უნარების (გუნდურობა, დროის მართვა, კომუნიკაცია და ლიდერობა) განმავითარებელი ვორკშოპები, რომლებიც დაგეხმარებათ დავალების უკეთ შესრულებაში.

კონკურსის ბოლო დღეს, თქვენს გუნდთან ერთად ჟიურის წინაშე წარადგენთ პრობლემის გადაჭრის გზებს. საუკეთესო პრეზენტაციისთვის გამარჯვებულ გუნდს ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.

კონკურსის აღწერა

პროექტს აქვს კონკურსის სახე, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. I ეტაპზე XI-XII კლასების მოსწავლეები ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას, რომელშიც მოცემულია სამოტივაციო წერილის გრაფა. განაცხადების საფუძველზე მონაწილეებს „ოქროს კომპასისა“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები შეარჩევენ.

კონკურსის მეორე ეტაპზე, გუნდებად დაყოფილმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინოთ ორგანიზაციის გამოწვევის გადაჭრის პრობლემა: პრეზენტაციისა და 500 სიტყვიანი ანგარიშის სახით. საუკეთესო 30 სტუდენტს დიდი ბრიტანეთის მთავრობის – Chevening -ის სტიპენდიის მფლობელი ჟიური აარჩევს.

კონკურსის III ეტაპზე, გუნდები პროექტის მენტორების უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესებულ პროექტებს Chevening-ის სტიპენდიანტებისა და „ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგენს. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ერთ გუნდს პრეზენტაციისა და 500 სიტყვიანი ანგარიშის საფუძველზე.

პროექტის განრიგი

პროექტი განხორციელდება „ევროპის უნივერსიტეტში“ შემდეგი განრიგით:

  • 10 მაისი, 11:00 – 15:00

გაცნობითი შეხვედრა, პროექტის წარდგენა, გუნდებად დაყოფა

  • 17 მაისი, 11:00 – 14:20 (I ნაკადი); 15:00 – 17:30 (II ნაკადი)

ორგანიზაციის გამოწვევაზე მუშაობა, პირველადი პრეზენტაციები და ვორკშოპები

  • 24 მაისი, 11:00 – 14:20

კონკურსის ფინალური ეტაპი, გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება.

როგორ ჩაერთო?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მაისი, 23:00 საათი.

შერჩეულ მოსწავლეებს 8 მაისის ჩათვლით დავუკავშირდებით.

მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

რას გააკეთებთ?

გუნდურად იმუშავებეთ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე, რომლებსაც კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები პროექტების სახით მოგაწვდიან.

პროექტები განსხვავებული შინაარსისა და ფორმატის იქნება და შეიძლება საჭიროებდეს:

  • მარკეტინგული კვლევის ჩატარებას;
  • კონკურენტების ანალიზს;
  • ღონისძიების დაგეგმვას;
  • პროდუქტის განვითარებას და სხვ.

ჩაერთვებით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის პროგრამის (Chevening) კურსდამთავრებულების მიერ ორგანიზებულ ვორკშოპებში:

  • ლიდერობა;
  • კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
  • დროის მართვა;

რატომ გამოწვევა?

დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამა რეალური სამუშაო გარემოს სხვადასხვა მახასიათებელს იმეორებს:

  • თქვენი გუნდის წევრებთან ერთად იმუშავებთ საერთო მიზნის მისაღწევად
  • ყოველთვის არ დაეთანხმებით თქვენი გუნდის წევრებს და უთანხმოებების მოგვარება კონსტრუქციულად მოგიწევთ
  • ორგანიზაციული პრობლემის გადაჭრისას სრული თავისუფლება გექნებათ
  • წარმოდგენილ პროექტში ვერ იპოვნით ყველა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ
  • პრობლემის გადასაჭრელად შეზღუდული დრო გექნებათ, შესაბამისად, თქვენი და თქვენი გუნდის წევრების დრო სწორად უნდა მართოთ
  • მოგიწევთ, გამოავლინოთ შეუპოვრობა და კრეატიულობა
  • ერთმანეთს მოტივაცია უნდა მისცეთ, პროექტის წარმატებით დასასრულებლად

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ზე Golden Compass • ოქროს კომპასი ან დაგვირეკოთ: 599 00 11 44

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *