3 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ამავე ფაკულტეტის დეკანთან ეკა კაველიძესთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები ერთ-ერთ სასამართლო პროცესს დაესწრნენ. საქმეს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის თავმჯდომარეობით სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა.
პროცესის დასრულების შემდეგ, მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი სტუდენტებს შეხვდა, გაესაუბრა სამოსამართლო საქმიანობის სპეციფიკაზე და მათ კითხვებს უპასუხა.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს სასამართლოში მოქმედი მართლმსაჯულების მუზეუმი.
მუზეუმის ხელმძღვანელმა ლუარა ჭანტურიამ სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მუზეუმის დარბაზებში გამოფენილი ქართული სამართლის ძეგლების, ხელნაწერების, სასამართლოს ისტორიის ამსახველი ექსპონატებისა და იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.
სტუდენტებმა პირვანდელი სახით შენარჩუნებული ისტორიული სასამართლო დარბაზიც დაათვალიერეს, სადაც გახმაურებული სასამართლო პროცესები იმართებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის ისტორიას.