7-9 ივლისს ქუთაისში HEAL Erasmus+ Project-ის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

7-9 ივლისს ქუთაისში „ევროპის უნივერსიტეტის“ კოორდინირებით მიმდინარე Erasmus+ პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ კონსორციუმის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას “აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” უმასპინძლა.
დამსწრეებმა პროექტის პირველ ნახევარში (თვე 1 – თვე 18) განხორციელებული აქტივობები და სამუშაოები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტომატოლოგიის პროგრამის სასწავლო კურსებს, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდება და განახლდება.
HEAL Erasmus+ Project-ის მონაწილე მხარეებმა დისკუსიის შედეგად განსაზღვრეს 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრი “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის ცენტრი მიელინი და წმ.ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი.
ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული ცენტრების საქმიანობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებულ სერვისებს და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ მიზანია საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით.
“განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის Strand 1 ლოტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელსაც პარტნიორობას სამი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი პარტნიორი უწევს: სამედიცინო მეცნიერებათა პოზნანის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/