ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის მეორე დღე

ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები” მეორე დღე დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
აკადემია „ევროპული კავშირის გაფართოება: წარსული გამოცდილება მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” მოდულის (EnlargEU — 101127859, 2023–2026) ფარგლებში ტარდება, რომელსაც ევროკავშირი ფინანსურად მხარს უჭერს და თათია დოლიძის ავტორობითა და ხელმძღვანელობით ხორციელდება “ევროპის უნივერსიტეტში”.
დილის სესიებზე ბიძინა ლებანიძემ (კავკასიის კვლევების ინსტიტუტი, იენის უნივერსიტეტი, გერმანია) წარმოადგინა ევროკავშირის როლი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერაში, ნატო-ევროკავშირის სინერგია გაფართოების პროცესში და ისაუბრა გაფართოებაზე, როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტზე. მან ასევე განიხილა დემოკრატიული პირობითობისა და ქვეყნის მდგრადობის ურთიერთკავშირი და ევროკავშირ-ნატოს კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობა სტაბილურობისა და რეფორმების წარმატებისთვის.
შუადღის სესიაზე სტივენ ბლოკმანსმა (ევროპის კოლეჯი — ბრიუგე, ნატოლინი, ტირანა; CEPS, ბრიუსელი; ICDS, ტალინი) დეტალურად შეისწავლა ევროკავშირის „ეტაპობრივი” გაფართოების სტრატეგია, ხოლო შემდეგ კონკრეტულ მაგალითებით— თურქეთი, ისლანდია და ნორვეგია — წარმოადგინა სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის მოდელები, რომლებიც მოიცავს როგორც ხანგრძლივ კანდიდატობას, ისე ევროპულ ბაზარში მჭიდრო ჩართულობას ფორმალური წევრობის გარეშე.
თათია დოლიძემ (მოდულის კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტი) საფუძვლიანად განიხილა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ENP არ არის პირდაპირი საშუალება ევროკავშირში გაწევრიანების, ის მნიშვნელოვნად ავსებს გაფართოების პროცესს რეგულაციური ჰარმონიზაციისა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობით. დღის სესიები დასრულდა ძირითადი თემების შეჯამებითა და ქვიზით.
ყველა სესიაზე დაფიქსირდა მონაწილეთა აქტიური ჩართულობა, შინაარსიანი კითხვებითა და კონსტრუქციული დისკუსიებით. დღის ბოლო ქვიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მონაწილეებმა წარმატებით აითვისეს ლექციებზე განხილული საკითხები.
აკადემია 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ქართველი და ევროპელი ექსპერტების მრავალფეროვანი ლექციებით.