ქართულ ენაში მომზადება

  • პროგრამის ხელმძღვანელები: ნინო ჭანკვეტაძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 2 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი
დაშვების წინაპირობა

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც  ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების (აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი/აფხაზურენოვანი/ ოსურენოვანი) ტესტის საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ევროპის უნივერსიტეტში.

საგანმანათლებლო პროგრამაზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვთ:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც  უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება.
  • საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ აკადემიურ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ საბაკალავრო საფეხურის სასურველ პროგრამაზე სწავლის ქართულ ენაზე გაგრძელება და მის ფარგლებში ქართულ ენაზე სასწავლო მასალის ათვისება; ქართული ენის ცოდნისა და უნარების შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად. დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს, შეძლონ ინტეგრირება ქართულ აკადემიურ საზოგადოებასა და სოციუმში მთლიანობაში,   რათა მათ იგრძნონ თავი მულტიეროვნული სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისა და რეგიონის სოციალურ განვითარებაში.

პროგრამის ამოცანაა, ენობრივი კომპეტენციების ფორმირების პარალელურად სტუდენტებს გააცნოს ქართული კულტურა და სოციო-კულტურული თავისებურებები; მისცეს გარკვეული ცოდნა საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე; ასწავლოს ქართული კულტურის ურთიერთმიმართება სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებთან.

გააზიარე გვერდი: