"თბილისი ბილტმორში" ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა
28 ივლისს, სასტუმრო "თბილისი ბილტმორში", ევროპის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები, ლექტორები და ფაკულტეტების დეკანები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის თანამშრომლები, სტუდენტების ოჯახის წევრები და საგანგებოდ, ამ დღისთვის მოწვეული საპატიო სტუმრები.
ღონისძიება "თბილისი ბილტმორის" საკონფერენციო დარბაზში წამყვანებმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადეს. მას შემდეგ, რაც მათ საღამოზე მოწვეული საპატიო სტუმრები წარადგინეს, სცენაზე უნივერსიტეტის პრორექტორი - გოჩა თუთბერიძე ავიდა. მან სტუდენტებს საგანგებოდ მომზადებული გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა, გაიხსენა მათთან ერთად უნივერსიტეტში გატარებული წლები და წარმატება უსურვა კურსდამთავრებულებს, როგორც კარიერულ გზაზე, ისე პირად ცხოვრებაში.
მოგვიანებით სცენაზე სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - იოსებ კელენჯერიძე, მის შემდგომ კი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - ალლა მეტრეველი ავიდნენ. მათ ასევე სიტყვით მიმართეს საზოგადოებას და სერტიფიკატები გადასცეს სტუდენტებს. აღნიშნულის შემდეგ, გოჩა თუთბერიძემ, უკვე როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, სერტიფიკატები თავისი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გადასცა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი შესთავაზეს: მათ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სახუმარო ნომინაციები წარადგინეს და გამარჯვებულებს - უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. ამის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ კურსდამთავრებულებს საპატიო კორიდორი გაუკეთა და ტაშის დაკვრისა და მუსიკის თანხლებით,"თბილისი ბილტმორის" ეზოსკენ გააცილა. სწორედ ეზოში მოეწყო ქუდების აგდების ცერემონია, რის შემდეგაც სტუდენტებმა ჰაერში ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტები და ღონისძიებაზე მოწვეული სხვა პირები, ისევ "თბილისი ბილტმორში" დაბრუნდენ, სადაც "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებული ფურშეტი გაიმართა. იმისთვის, რომ სტუმრებს განწყობა დღის ბოლომდე შეენარჩუნებინათ და მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ, ევროპის უნივერსიტეტმა მუსიკოსი - გიორგი ცაგარელი მოიწვია, რომელმაც ღონისძიება საქსოფონის სასიამოვნო მუსიკით გააფორმა. საღამოს დასასრულს, უნივერსიტეტის პრორექტორმა - გოჩა თუთბერიძემ და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა, ნათია როსტომაშვილმა, საზეიმო ტორტი გაჭრეს.